ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინაციაში ჩართული კლინიკები მულტიპროფილური იქნება, რომ რეანიმაციაც იქვე იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალციხის  კლინიკა იმედში,  სადაც კორონავირუსზე აცრის შემდეგ ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, სრულად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს. 

მისივე თქმით, უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაში იქნება ჩართული, იქნება მულტიპროფილი საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იყოს იქვე. 

"ახალციხის კლინიკა სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ ანაფილაქსიური ტიპის რეაქციას უპასუხოს. ახალციხის კლინიკა ეხლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის არის სრულად აღჭურვილი, პერსონალი ტრენირებულია, ეს არის ისეთი ბაზისური უნარჩვევა, რაც მესამე კურსის შემდეგ სტუდენტს სავალდებულოდ მოეთხოვება. 

ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად ანტიშოკური პირობებია ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც იქნება ჩართული პროგრამაში, იქნება მულტიპროფილი საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იყოს იქვე". – ამბობს გაბუნია. 

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები