რუსული ოკუპაცია

გარდაცვლილ დათა ვანიშვილს პრეზიდენტი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში გარდაცვლილი დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. 

"დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”. –პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის პანაშვიდზე აქტივისტებმა საოკუპაციო მავთულხლართები ყვავილებით მორთეს.

ხურვალეთში დათა ვანიშვილის სახლის წინ, მის კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები 2011 წელს გააბეს. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ მოქალაქეობა, თუმცა ის უარს ამბობდა. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა, დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა. 

კომენტარები