აშშ-იაპონია-ტაივანი

იაპონელი მინისტრი: აზიაში წითელი ხაზი ტაივანია, რას იზამს ბაიდენი თუ ჩინეთი მას გადაკვეთს?

იაპონიის თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა, იასუჰიდე ნაკაიამამ, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დაჟინებით მოუწოდა, რომ აგრესიული ჩინეთის პირისპირ ტაივანის მხარდაჭერაში ძლიერი იყოს. მისივე თქმით, ტაივანის უსაფრთხოება წითელი ხაზია.

"ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ჩინეთი მის აგრესიულ მიდგომას ჰონგ-კონგის გარდა სხვა ადგილებშიც გააფართოებს. მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ერთ-ერთი სამიზნე ან ის, რაზეც ყველა ღელავს, ტაივანია". - თქვა მან.

"ჩინეთი და ტაივანი - აზიაში წითელი ხაზია" - თქვა მან და გაიხსენა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გავლებული წითელი ხაზი სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, წითელი ხაზი, რომელიც შემდეგ დამასკომ გადაკვეთა.

მან კითხვა დასვა, თუ როგორი რეაგირება ექნება ბაიდენს და თეთრ სახლს, თუ ჩინეთი ამ წითელ ხაზს გადაკვეთს.

მან ბაიდენს დაჟინებით მოუწოდა, რომ მიჰყვეს ტრამპის მსგავს პოლიტიკას, რომელმაც ტაივანისთვის სამხედრო შეიარაღების მიყიდვა გაზარდა.

ნაკაიამას თქმით, ბაიდენისგან ტაივანზე ნათელი პოლიტიკა ჯერ არ მოუსმენია. - "მე მინდა ამის გაგება სწრაფად, რომ შემდეგ ჩვენც შესაბამისად მოვემზადოთ ტაივანზე საპასუხო ნაბიჯებისთვის".

უმეტესი ქვეყნების მსგავსად, ტოკიო ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას იზიარებს და დიდი ხნის მოკავშირე ვაშინგტონთან და მეზობელ ჩინეთთან ურთიერთობებს აბალანსებს. ტაივანთან კი მას სტრატეგიული ინტერესები აკავშირებს. გასულ წლებში მხარეებს შორის კავშირი მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე გაიზარდა. 

კამპანიის მიმდინარეობისას, ბაიდენმა ტაივანთან და სხვა თანამოაზრე დემოკრატიებთან კავშირის გაძლიერება დააანონსა. ათწლეულების წინ, მაშინ, როდესაც ბაიდენი სენატორი იყო მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, აქვს თუ არა აშშ-ს ტაივანის დაცვის ვალდებულება. მისი საგარეო პოლიტიკის წრეში ამბობენ, რომ აშშ-ს მიდგომა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩინეთი სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა გახდა, რომელსაც გლობალური ინსტიტუტების გარდაქმნა სურს. კამპანიის დროს ბაიდენმა სი ძინფინგი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედად მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ 24 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის გუნდის წარდგენისას ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, რომ "აშშ-მ ხელახლა დაამტკიცოს გლობალური ლიდერის ისტორიული როლი, როგორც წყნარ ოკეანეში, ასევე ატლანტის [ოკეანეში] და მთელ მსოფლიოში". ჩინეთს სურს, რომ დომინანტი ძალა თავად იყოს სწორედ წყნარი ოკეანის რეგიონში.

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

კომენტარები