აშშ-ევროკავშირი

ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა და NATO-ს მინისტერიალს დაესწრება

ენტონი ბლინკენი
CNN

22-25 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელს ეწვევა, სადაც ის NATO-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებს, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

"ვფიქრობ, თქვენ ყველამ იცით და გსმენიათ პრეზიდენტისა და მდივნისგან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია NATO და ევროპელები, როგორც გადამწყვეტი პარტნიორები აშშ-ს მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, დაწყებული კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვით, რომელიც მართავს ჩვენს საერთაშორისო სისტემას და დამთავრებული კოვიდპანდემიით და ეკონომიკური პროგრესით". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ NATO-ს შეხვედრაზე ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილავს ტრანსატლანტიკურ ალიანსზე შემოთავაზებულ ცვლილებებს, ასევე, ჩინეთზე, რუსეთზე, კლიმატის ცვლილებებზე, კიბერ- და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და სხვა საკითხებს. 

რიკერი ელის, რომ ბლინკენი ევროპელებთან  სხვა საკითხებთან ერთად ბელარუსის საკითხსაც განიხილავს. 

"ჩვენ კვლავ გვერდში ვუდგავართ ევროპელებს, რომლებიც მხარს უჭერენ მამაც ბელარუს ხალხს. ისინი უბრალოდ ითხოვენ, რომ ჰყავდეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მათ შეხედულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას და, ასევე, მსოფლიოში ყველასი, ვინც  დემოკრატიული თავისუფლებების გამოყენებას ესწრაფვის და ამგვარი სისასტიკის წინაშე დგას". - აცხადებს რიკერი

ეს სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

რიკერის თქმით, ბლინკენი ევროპელებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ იმუშაონ ერთად საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, რათა უპასუხონ გლობალურ გამოწვევებს, რაც მომდინარეობს რუსეთის, ჩინეთისა და ირანისგან.  

ბლინკენი საგარეო პოლიტიკაზე "მნიშვნელოვანი" სიტყვით გამოვა, რომელიც ფოკუსირებული იქნება მის მზადყოფნაზე, ხელახლა ააგოს ალიანსები.

ამასთან ერთად, ენტონი ბლინკენი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვისთან ერთადაც განიხილავს კორონავირუსის პანდემიას, ეკონომიკის აღდგენას და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევის საკითხს.

კომენტარები