შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი: პროდიუსერმა ეკრანულ პარტნიორთან სექსი მირჩია

Rotten Tomatoes

შერონ სტოუნმა ავტობიოგრაფიული წიგნი The Beauty of Living Twice გამოსცა. ერთ-ერთ თავში სტოუნმა უსიამოვნო ინციდენტი გაიხსენა. მსახიობის თქმით, ერთერთმა პროდიუსერმა ეკრანულ პარტნიორთან სექსი შესთავაზა, მისი აზრით, ეს დაეხმარებოდათ იმაში, რომ მათი ვნება ეკრანზე უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.

"მან მითხრა, რომ ჩემს ეკრანულ პარტნიორთან სექსი გააუმჯობესებდა ჩვენს ეკრანულ ქიმიას. მისი თქმით, "თავის დროზე" იგივენაირად "დაეხმარა" ავა გარდნერს. იმის წარმოდგენაზე, რომ ეს შემზარავი ადამიანი ავა გარდნერთან ერთ სივრცეში იმყოფებოდა, გამაჟრიალა. ჩემი მეწყვილე უბრალოდ სუსტი მსახიობი იყო, პროდიუსერის ლოგიკას ვერ მივხვდი, ანუ ჩემთან სექსის შემდეგ მსახიობს ნიჭი მოემატებოდა? რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. მას შემდეგ ჰოლივუდში "ჭირვეული" ვარსკვლავის სახელი გამივარდა". – წერს სტოუნი.

მსახიობმა დააზუსტა, რომ არ გულისხმობდა “ძირითად ინსტინქტს“. მისი თქმით მაიკლ დუგლასი ნიჭიერი და თბილი ადამიანია, რომელთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს, თუმცა გააკრიტიკა პროექტის რეჟისორი, პოლ ვერჰუვენი. 

"ცნობილი დაკითხვის სცენა, რომელშიც საცვალი არ მაცვია ჩემი ნებართვის გარეშეა გადაღებული. მთხოვეს, საცვალი გამეხადა, იმიტომ, რომ კადრში "ცუდად ჩანდა". სრული სცენა პრემიერაზე ვნახე, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამდი". – იხსენებს მსახიობი.

ვერჰუვენი უარყოფს, რომ მსახიობმა სცენის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.

კომენტარები