ვაქცინაცია

ტიკარაძე: ახალციხეში მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის

"გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი დაუყოვნებლივ დაიწყებს ამ ფაქტის შესწავლას". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით. კერძოდ, 27 წლის ექთანს 18 მარტს, ახალციხეში, აცრის შემდეგ "დაუყოვნებელი რეაქცია" განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას".

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საბჭოსთვის მთავარი სამსჯელო საკითხი იყო.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგულირების სააგენტო, როგორც იცით, დღის 16:00-ზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომლებიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებით.

ყველა ამ დოკუმენტაციას გადავცემთ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც, ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი" - თქვა ტიკარაძემ.

რაც შეეხება 27 წლის ექთანს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

"ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00-ზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებით" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები