კორონავირუსი საქართველოში

"ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას" – გამყრელიძე ახალციხეში მომხდარზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ახალციხეში ვაქცინაციისას მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. გამყრელიძის შეფასებით, მომხდარი საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციაა.

"დღეს, ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც 3 დღეა, აცრებს აწარმოებს, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ მან პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ და სამედიცინო პერსონალს მოუწოდა აცრების გააქტივებისკენ.

30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც პროტოკოლით არის გაწერილი და არ მოიხსნა რეაქცია, ის გადაიყვანეს რეანიმაციაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ჩასულია ადგილზე მედიცინის კატასტროფის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში". - ამბობს ის. 

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა "ძალიან საყურადღებოა" და ექიმები მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის "ყველაფერს გააკეთებენ". 


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

კომენტარები