პოლიტიკური კრიზისი

ჩერგოლეიშვილი: ახალი არჩევნები არა ახირება, არამედ ვითარების ნორმალიზაციის გზაა

ისევ მოლაპარაკებების და ოპტიმალური სტრატეგიის შესახებ:

1. არასოდეს, არასოდეს არ გაამართლებს დასავლეთი საპარლამენტო ბოიკოტს - ყველა, ვინც საქმეში ოდნავ ჩახედულია და საკუთარი ემოციებით არ გეგმავს სხვის (!) მომავალს, ამაზე ხმამაღლა საუბრობდა 1-ელი ნოემბრიდან.

ამას მოწმობს როგორც საკუთარი, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება.

ყველა პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც მოლოდინს ქმნიდა, რომ დასავლეთი ოდესმე, ოდესმე გაამართლებდა საპარლამენტო ბოიკოტს, ნებით ან უნებლიეთ ამომრჩეველს ატყუებდა.

ვისაც პოლიტიკაზე საუბარი უნდა, ვურჩევ, წაიკითხოს ბალკანებზე საპარლამენტო ბოიკოტების ისტორია და ძალიან, ძალიან ნათლად დაინახავს პარალელებს ჩვენს რეალობასთან.

2. არასოდეს, არასოდეს არ შეიცვლება ეუთოს დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ამ დასკვნის მორალი კარგად გამოჩნდა მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის საერთაშორისო პრესბრიფინგის ტრანსკრიპტში, პომპეოს ვიზიტის დროს - "30 წელია ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება".

მე არ ვიწყებ იმის განხილვას, ეს რამდენად სამართლიანი ან გონივრულია - მოცემულობას აღვწერ!

შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ "საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოაგროვა" - ან უსინდისოა, ან სულელი.

3. დასავლეთს ამ ქვეყანაში არ უნდა ფეთქებადსაშიში პოლიტიკური კრიზისი (ეს არც მოსახლეობას უნდა).

შესაბამისად, დასავლეთი მოქმედებს და იმოქმედებს შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლის ძიების პრინციპით.

შექმნილი ვითარება უკვე მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც 2020 წლის 1-ელ ნოემბერს იდგა. ბევრად მძიმეა.

4. საუკეთესო გამოსავალის ჩარჩო უკვე მოხაზა ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა.

მის მონახაზს ზურგს უმაგრებს ამერიკის შეერთებული შტატები.

შარლ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხთა შორის არის რიგგარეშე არჩევნები - როგორც კრიზისიდან გამოსვლის გზა.

ევროპელებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია -როცა პროპორციულ სისტემებში კრიზისი იქმნება, არჩევნები სრულიად რუტინული გამოსავალია, მიუხედავად იმისა, წინა არჩევნები როგორ ჩატარდა.

5. აქედან გამომდინარე - მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკანა რიცხვით რევოლუციის ლეგიტიმაციას არ გვაძლევს და არც მოგვცემს, ის შეეცდება, მომავალი საფრთხეებიც (რევოლუციის და ბელარუსიზაციის) არჩევნების გზით აგარიდოს.

ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება, ვისაც ამ ქვეყნის დემოკრატიის წარმატება გვსურს!

ახალი არჩევნები არავის ახირება არ არის, ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალიზაციის გზაა და დასავლეთისთვის ეს არ უკავშირდება წინა არჩევნებს.

წერს ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები