ვაქცინაცია

ბორელი: მივესალმებით საქართველოს მიერ ვაქცინის პირველი დოზების მიღებას

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ბრუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის შემდეგ ბორელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე.

"ეს შეხვედრა ასევე იყო შესაძლებლობა, რათა შეგვეფასებინა თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე.  ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ასევე, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ვაქცინის პირველი დოზების მიღებას Covax-ის დახმარებით, რომლის უდიდესი დონორი ევროკავშირია, ვაქცინის ამ დოზებს კიდევ მრავალი მოჰყვება. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვაქცინაციით უფრო მწვანე და მდგრადი აღდგენისკენ წინსვლა. ჩვენ ამ პროცესის დასახმარებლად მნიშვნელოვანი სახსრების მობილიზებას ვახდენთ". – თქვა ბორელმა


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და გუშინ, 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეორე დღეს სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge]  დარეგისტრირებულია 4 456 ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 143-მა სამედიცინო პერსონალმა გაიკეთა. ბოლო მონაცემები ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

კომენტარები