აუდიტის სამსახურის ანგარიში

აუდიტი: ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერის შემსწავლელ წრეზე კომპიუტერები არ აქვთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მუნიციპალიტეტის მხრიდან დარღვევებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთ ა(ა)იპზე, სადაც ბავშვებს, რომლებიც კომპიუტერისა და კულინარიის შემსწავლელ წრეებს ესწრებიან, ინვენტარის გარეშე ასწავლიან.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომლის მიზანიც არის განუვითაროს ბავშვებს უნარ-ჩვევები. დაწესებულებაში სულ 15 წრეა, მათ შორის არის - კულინარიისა და კომპიუტერების შემსწავლელი წრეები. თუმცა, ადგილზე მისულმა აუტიდის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კომპიუტერის შემსწავლელ წრეზე ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერები, ხოლო კულინარიის შემსწავლელ წრეზე შესაბამისი ინვენტარი.

"აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი
ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით". – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ა(ა)იპ-ის "პასუხისმგებელი პირის განმარტებით" ინვენტარი თავად დაწესებულების აღსაზრდელებს დააქვთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტიდან ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების დაფინანსებისთვის 112 000 ლარია გამოყოფილი.

"ამ წრეების [კულინარიისა და კომპიუტერის შემსწავლელი] შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით". – წერია ანგარიშში.

კომენტარები