კორუფცია

ადიგენის მუნიციპალიტეტის ექსკავატორმა 2 საათში 720 ლიტრი საწვავი მოიხმარა

sknews.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების აუდიტს ავრცელებს

ფინანსური რესურსების მართვა

მარწმუნებელი ორგანოს მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში 20-20% დააკლდა.

კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 1 071 000 ლარი. მუნიციპალიტეტმა არსებული ნაშთიდან დაგეგმა 1 022 000 ლარის გამოყენება, თუმცა ზედმეტად დააგროვა 1 259 000 ლარი. ასევე, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა არსებული ნაშთიდან დაგეგმა 2 292 000 ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად, დააგროვა 510 000 ლარი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

ინფრასტრუქტურული პრობლემები

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. დათვალიერებით გამოვლინდა სულ 558 000 ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. კერძოდ, დაზიანებულია ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები.

აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 380 000 ლარი, თუმცა განხორციელებული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, კერძოდ: წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 10 სოფელს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო დანარჩენ 45 სოფელს – გრაფიკით.

ავტოპარკი

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა 9-11 სამორიგეო ავტომანქანით, რაც აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანებზე დაიხარჯა 83.5 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 180 000 ლარი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას მნიშვნელოვნად აღემატება.

გარდა ამისა, 2019 წელს გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებულ და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებში, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსკავატორი თებერვალში მუშაობდა 72 საათის განმავლობაში, რისთვისაც მოიხმარა 720 ლიტრი საწვავი. შპს „თეგეტა მოტორსის“ მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულმა ტექნიკამ 30 იანვრიდან 4 მარტამდე პერიოდში იმუშავა მხოლოდ 2 საათი.

მიუღებელი შემოსავლები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია: 

  • მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის 1 იანვრისთვის ვერ მიიღო სულ 28 000  ლარის შემოსავალი
  • 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით.

 

კომენტარები