ჭყონდიდის ეპარქია

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარის შესახებ განმარტებას და ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ განმარტებასა და ვიდეოს ავრცელებს. გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და სასულიერო პირთა კრების ვიდეომასალისა და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებული კადრების ერთობლიობაა. საპატრიარქო ირწმუნება, რომ კრების დროს არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ხოლო მედია ცდილობდა, ფაქტი დამახინჯებულად წარმოეჩინა. 

"ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესა (კალაიჯიშვილი) და ეპარქიის სასულიერო პირებს შორის მიმდინარე შეხვედრისას განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მასმედიის გარკვეული საშუალებები ცდილობდნენ, ფაქტი დამახინჯებულად წარმოეჩინათ და მთელი პასუხისმგებლობა ეკლესიისათვის დაეკისრებინათ. გავრცელდა კადრებიც, სადაც დამახინჯებულად იყო გადმოცემული რეალობა.

საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან და მოვლენების ობიექტურად წარმოსაჩენად, ვასაჯაროებთ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირთა კრების ვიდეომასალას, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული კრება, როდის და რამ გამოიწვია დაძაბულობა და სინამდვილეში როგორ განვითარდა მოვლენები.

ვიდეოს დასაწყისში კარგად ჩანს, რომ კრება იწყება სასულიერო პირების ერთობლივი ლოცვით, რომლის დასრულების შემდეგაც მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს მიმართავს და დასძენს, რომ ყოველ მათგანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების აბსოლუტური უფლება და საშუალება". – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქო წერს, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჟურნალისტები და სხვა პირები "კრებაზე შეჭრას და კარის შემოტეხას" ცდილობდნენ. 

"როგორც კადრებიდან ვხედავთ, კრების მიმდინარეობისას მეუფე სტეფანე რამდენჯერმე დგება ფეხზე და მამებს დამშვიდებისკენ, კორექტულობისა და საუბრისას ერთმანეთისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანის მხრიდან პარალელურად აქტიურად ისმოდა სხვათა შეურაცხმყოფელი ფრაზები. როგორც კრების დასაწყისში, ამ ეპიზოდების დროსაც, მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს მოუწოდებდა, რომ მსგავსი მიმართვები არაკონსტრუქციული და საუბრისათვის მიუღებელი იყო.

კადრები ასევე კარგად ასახავს, რომ კრების დროს არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. სიტუაცია მას შემდეგ იძაბება, რაც ჟურნალისტები და უცხო პირები ცდილობენ კრებაზე შეჭრას და კარის შემოტეხას, აბრახუნებენ კარზე და იგინებიან. კადრი კარგად ასახავს, რომ კარის შუშა მანამდეა ჩამტვრეული. თავდაპირველად ოთახში იჭრება მთავარი არხის ჟურნალისტი ემა გოგოხია, რაც ასევე ფიქსირდება ვიდეომასალაში. მიტროპოლიტი სტეფანე პირადად მოუწოდებს და ატოვებინებს მას ტერიტორიას.

თუმცა სიტუაცია ამით არ განიმუხტება, გარედან ძლიერდება ყვირი, შეურაცხმყოფელი სიტყვები, ბრახუნი. გარეთ მყოფნი სასულიერო პირებს გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მღვდელმსახურები კარებიდან მაქსიმალურად უკან, ოთახის შუაგულისკენ იხევენ და იწყებენ ლოცვას". – წერს საპატრიარქო. 

საპატრიარქო ასევე ირწმუნება, რომ აივანზე არსებული სივრცე ხალხმრავლობის გამო შევიწროვდა, ამის გამო ისინი მიაწვნენ მოაჯირებს და რამდენიმე ადამიანი ეზოში გადაცვივდა. საპატრიარქო წერს, რომ სასულიერო პირებმა და რეზიდენციის მომსახურე პერსონალმა დაუყოვნებლივ გაუწიეს დახმარება დაშავებულებს. 


ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მედიის წარმომადგენლები აივნიდან გადმოცვივდნენ. TV პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

 

კომენტარები