საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქომ გირჩის მღვდელმსახურთა "ეკლესიაში დაბრუნების წესი" გამოაქვეყნა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ გირჩის მღვდელმსახურთა "ეკლესიაში დაბრუნების წესი" გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, გირჩის ბიბლიური თავისუფლების ყოფილმა წევრებმა ხელი "სინანულის ფურცელს" უნდა მოაწერონ. 

"მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. „შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად". - ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, "სინანულის ფურცელი" გამოქვეყნებული ნიმუშის მიხედვით უნდა დაიწეროს:

"მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებაში“

სასულიერო პირის სტატუსით, მსურს, კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას".

საპატრიარქო შენდობის ფურცლის ნიმუშსაც აქვეყნებს:

"შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს".


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 12 თებერვლის განჩინებით, მართლმადიდებელ ეკლესიაში გირჩის ბიბლიური თავისუფლების წევრებს ეკრძალებათ როგორც ზიარება, ისე სხვა საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად, ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთისცხება და ა.შ. "მოუნანიებლად" გარდაცვალების შემთხვევაში მათ არც წესს აუგებენ. აკრძალვა, მინიმუმ, 30 000 ადამიანს ეხება. 

კომენტარები