ალექსეი ნავალნის საქმე

ევროპის საბჭო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი
Reuters

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ და "ივ როშეს" საქმეზე გამოტანილი განაჩენის გაუქმებისკენ მოუწოდა. გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებების შესრულების კონტროლისთვის გამართულ სესიაზე მიიღო.

ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგად ალექსეი ნავალნის პირობით სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა.


ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს "ივ როშეს" საქმეზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მიმართეს

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "ივ როშეს" საქმეზე ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და შესაბამისად "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. 

2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

კომენტარები