ჩანაწერები

მშვენიერაძე: პროკურატურა ითხოვს არა აუდიოფაილს, არამედ იმას, რაზეც ჩაწერილია

გიორგი მშვენიერაძე

TV პირველის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ პროკურატურა ითხოვს არა აუდიოფაილს, არამედ იმ მატარებელს, რაზეც ეს აუდიოა ჩაწერილი, რაც ტვ პირველში არ ინახება და ასეც რომ იყოს, არ გადასცემდნენ, რადგან პროკურატურას ამის მოთხოვნის უფლება არა აქვს. ამბობს მშვენიერაძე ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში .

"პროკურატურამ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და აქ ერთი საინტერესო დეტალია, მოითხოვა არა თავად აუდიოჩანაწერი, რომელზეც შესაძლებელია ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ მოითხოვა მატარებელი. ამიტომ ითხოვენ არა თავად აუდიოფაილს, რომელსაც სიამოვნენით გადასცემდა TV პირველი პროკურატურას და ამის მზაობას ეხლაც გამოვხატავთ, უბრალოდ, ამის მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი, არამედ ითხოვენ იმ მატარებელს, რაზეც არის ჩაწერილი აქ ორი საკითხია. ერთი, რომ ეს მატარებელი TV პირველში არ ინახება. მეორე, რომც ინახებოდეს, არ გადავცემთ, რადგან ამის მოთხოვნის უფლება პროკურატურას არა აქვს. ამის ფონზე ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება მოსამართლის განჩინების ტექსტი, რომ შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება". – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა და ასევე გამოძიებას დართო ნება, TV პირველიდან  მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები