სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსად ფაშინიანის კანდიდატის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
Radio Free Europe 

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის უფროსად პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარდგენილი ართაკ დავთიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა. 

ნიკოლ ფაშინიანმა ორჯერ, 25 და 28 თებერვალს, მიმართა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ოფიციალური მოთხოვნით. პრეზიდენტმა ორჯერვე უარი თქვა განკარგულებისთვის ხელის მოწერაზე. სარქისიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სომხეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, განკარგულებისთვის ხელმოწერაზე მეორედ უარის თქმის შემდეგ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა. სარქისიანმა ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც გენშტაბის მეთაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება 10 მარტს ავტომატურად შევიდა ძალაში.


ნიკოლ ფაშინიანმა ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან ხელი მოაწერა პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ გენშტაბის მოთხოვნას. თავის მხრივ, გენშტაბმა ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი გაათავისუფლა.

ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები, დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დასთანხმდებოდნენ.

თუმცა, ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ

უკვე ორი კვირაა ევრევანში პრემიერმინისტრის მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, 9 მარტს, ოპოზიციური ალიანსის ხელმძღვანელობით დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის გადაკეტვა სცადეს. ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები