ჩანაწერები

DI TV პირველზე: სასამართლო არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი-საქართველო ტელეკომპანია პირველთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლოს განჩინებას ეხმაურება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინებით ირღვევა ჟურნალისტის კონსტიტუციური უფლება, რომლითაც მას შეუძლია, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი.

"მაშინ, როდესაც კანონი უშვებს დანაშაულის საგნის ამოღებას მასმედიის
ოფისიდან, იქვე აკეთებს დათქმას, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,
თუ ამით საფრთხე არ ექმნება სიტყვის თავისუფლებას (საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სიტყვის თავისუფლებას კი საფრთხე მაშინ ექმნება, როდესაც საგამოძიებო
ორგანოს მხრიდან ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის
ამოღებაც ხდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ
აცხადებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის წყაროს
გადაცემის მოთხოვნა გამოძიების ორგანოების მხრიდან არღვევს სიტყვის
თავისუფლებას, მაშინაც კი, თუ არ აღსრულებულა (Goodwin v. the United
Kingdom, პარა.56)" – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა განჩინებით არ გაავლო ზღვარი დანაშაულის საგანს - ჩანაწერს და ინფორმაციის წყაროს შორის, რომელმაც ჟურნალისტს
გადასცა აღნიშნული ჩანაწერი, შესაბამისად, პროკურატურის განცხადებაში ნახსენები კონვერტი ან სხვა ნებისმიერი ფორმის შეფუთვა, რომლის ამოღების ნებართვაც მისცა სასამართლომ, არა მხოლოდ ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების პირდაპირ საფრთხესაც ქმნის.

"ნახსენები კონვერტი ან სხვაგვარი შეფუთვა, რომლის ამოღების ნება ასევე
მიეცა საგამოძიებო ორგანოებს, შესაძლოა, შეიცავდეს ინფორმაციის წყაროს
ვინაობას ან მინიშნებას მასზე. მიუხედავად ამ საფრთხისა, მისი
განეიტრალებისთვის რაიმე კონკრეტული დათქმა მოსამართლეს არ
განუსაზღვრავს თავის განჩინებაში. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება
დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო
კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). სწორედ ამიტომ მისი განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".– წერია განცხადებაში.


სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები