ჩანაწერები

მელაძე: პროკურატურას ჩვენთვის არ მოუმართავს, პირდაპირ წავიდა სასამართლოში

ნოდარ მელაძე / Facebook

"პროკურატურას ჩვენთან მიმართვა არ ჰქონია, პირდაპირ წავიდა სასამართლოში" - განაცხადა ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

ამის შესახებ ნოდარ მოლაძემ მთავარის ეთერში ისაუბრა. 

ნოდარ მელაძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ითვალისწინებს რაიმე მასალის მიღების მიზნით მედიისთვის წერილობით მიმართვას და შემდგომ გონივრულ ვადაში მოცემული მასალების მიღებას. ამ შემთხვევაში კი პროკურატურა მიმართის გარეშე წავიდა სასამართლოში. 

"პროკურატურას ჩვენთან მიმართვა არ ჰქონია, პირდაპირ წავიდა სასამართლოში და მოსამართლეს ამოაწერინა განჩინება, მომეცით უფლება, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეო. და თან შუამდგომლობაში ვექილიანმა პროკურორმა ჩაწერა, რომ კონვერტი მჭირდებაო, საიდან მოიტანეს, საერთოდ, რა კონვერტს ეძებენ და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელიო". - ამბობს ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძის თქმით,  ხელისუფლების ინტერესს არ წარმოადგენს  გასულ სიუჟეტში ასახული მძიმე დანაშაულის სავარაუდო მტკიცებულებები, არამედ მათ სურთ, დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მედიას მასალა მიაწოდა. 

"გუშინ საღამოს ჩვენ ფოსტით მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშრებით, რომ მათ აქვთ მოსამართლისგან განჩინება, რომლითაც ისინი ითხოვენ კონვერტს, ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც ჩაწერილი იყო ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოყენებული აუდიოფაილები, ანუ ამ წერილით დგინდება, რომ მათ ინტერესს არ წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიება, აქ მოყვანილი მძიმე დანაშაულის სავარაუდო მტკიცებულებები, არამედ მათ ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ როგორმე დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მედიას მიაწოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს უკვე წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, ჟურნალისტების დასაშინლებლად მათი კომპიუტერებიდან მასალების ამოღება, რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ფიზიკურად ოპერირება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან შტურმის და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით". - ამბობს ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტური გამოძიების პარალიზების მცდელობა წარუმატებელი იქნება და  შაბათის ეთერში მაინც გავა გამოძიება  ირაკლი ღარიბაშვილის კავშირების შესახებ

"შაბათს, მაგალითად, ძალიან მნიშვენლოვანი გამოძიება იქნება, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ეხება მის გადამალულ ბიზნესინტერესებს და მის კავშირს ე.წ ზონდერდაჯგუფებებთან. ამის შესახებ გადაცემა ეთერში გავა

ეს არის ჩვენი ჟურნალისტის მოვალეობა, რომ ჟურნალისტი ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც არადემოკრატიული გზით მიდის, უნდა გახდეს შემაკავებელი ფაქტორი, იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში ან საბოლოოდ არ მოხდეს კანონიდან გადასვლა. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და რატომ არ გვაძლევენ ამის უფლებას?" - ამბობს ნოდარ მელაძე.


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები