კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: შემთხვევების მატება შეინიშნება, შეზღუდვების დაბრუნება არ უნდა გვაიძულოს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეპიდსიტუაციაზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და "შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება". 

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და კიდევ ერთხელ მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი ყველამ დავიცვათ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ძალიან ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე, პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. სანამ ვაქცნაცია დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვიყოთ, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს კიდევ ერთხელ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ ". - ამბობს ღარიბაშვილი. 

დღეს, 11 მარტს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 395 ახალი შემთხვევა და ჩატარდა 24 594 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ია, რაც მისივე შეფასებით, "საგანგაშოა".

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 274 045 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამაც განაახლა მუშაობა.   

1-ელი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები