სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თუ მარტის ბოლომდე ქართულ ოცნებასთან შეთანხმება არ შედგება, პარტია "ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას" დაიწყებს.
ვაშაძეს თქმით, ქართული ოცნება მოლაპარაკებებს წელავს, რათა შემდგომ თქვას, რომ "რაღაც რეფორმები ვერ ესწრება".
"ახლა დამოკიდებულია ყველაფერი ქართულ ოცნებაზე, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ და ზეგ გვითხრას, რომ რაღაც რეფორმები ვერ ესწრება, რაღაც ახალ სიტუაციას ელოდება, რაღაც უნდა კიდევ მოიმოქმედოს, რომ როგორმე, შეთანხმებამდე არ მივიდეს ეს პროცესი. მე მათ ვაფრთხილებ, რომ თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
იცით, რომ 20 მარტამდე შეჩერებული ყველა პროტესტი, იმისათვის, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა, ხელზე დაიხვიოს რაღაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა, რაც მაქსიმუმ მარტის ბოლომდე უნდა შედგეს, ჩვენ ხშირად გვქონდა უფრო კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში". – ამბობს ვაშაძე.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო.
ქართულ ოცნებას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია".





