სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის გენერალური შტაბის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ონიკ გასპარიანი და ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის საიტი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანმა ორჯერ, 25 და 28 თებერვალს, მიმართა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გასპარიანის გათავისუფლების ოფიციალური მოთხოვნით. პრეზიდენტმა ორივეჯერ უარი თქვა განკარგულებისთვის ხელის მოწერაზე. სარქისიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სომხეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, განკარგულებისთვის ხელმოწერაზე მეორედ უარის თქმის შემდეგ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა. სარქისიანმა ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც გენშტაბის მეთაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება ავტომატურად შევიდა ძალაში.


ნიკოლ ფაშინიანმა ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან ხელი მოაწერა პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ გენშტაბის მოთხოვნას. თავის მხრივ გენშტაბმა ფაშინიანის გადადგომას მას შემდეგ მოითხოვა, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი გაათავისუფლა.

ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.

თუმცა, ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ

უკვე ორი კვირაა ევრევანში პრემიერმინისტრის მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, 9 მარტს, ოპოზიციური ალიანსის ხელმძღვანელობით დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასველის გადაკეტვა სცადეს. ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები