ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე ანტონი მარტვილზე: ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს აღზრდილები აკეთებენ ამას

Primetime

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მარტვილში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მეუფე ანტონის შეფასებით, მომხდარი დაგეგმილი იყო. 

"ეს არ არის მრევლის ჩართულობა, ეს არის, ეკლესიაში რომ ეძებს პროვოკაციას. იქ მარტვილელები არცერთი არ იყო, ყველა იყო ჩამოსული. რა ესაქმება? როცა მღვდელმთავარი ჩემს ეპარქიაში ვატარებ კრებას, რა ესაქმება ავტობუსებით ჩამოსულ ადამიანებს? მე ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის დავადო, ვის უნდა შევუთანხმდე? ჟურნალისტებს, ანგაჟირებულ მრევლს თუ ვის უნდა შევუთანხმდე? აღშფოთებული ვარ. იქ აშკარად ჩანს, რომ ეს იყო დაგეგმილი. ის ხალხი, რომელიც გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარებს და ვერ დაიტია.

[...] ფაქტი ის არის, რომ მეუფე პეტრეს აღზრდილები აკეთებენ ამას. მათ ეს როგორ მოსდით, სიყვარულით თუ დათვური სამსახურით, სხვა საკითხია". - ამბობს ის.


კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები  გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.

დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლები. 

თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ მრევლის პროტესტს ენმ-ს აქტივისტი მეთაურობდა. 

"მრევლიც არ იყო, მე გავიგე, ქუთაისელები, ნაციონალური მოძრაობის წევრები ყოფილან და ერთ-ერთი, ძველი პარტიული აქტივის საკრებულოს თავმდჯომარე თავკაცობდა მიტინგს, რომელიც მოაწყვეს. თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რაიმე უნდა გადაწყდეს".- ამბობს მიტროპოლიტი ნეტგაზეთის ცნობით. 

კომენტარები