გერმანია

ჯანდაცვა: გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება, 500-ზე საუბარი აღარაა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსის, გიორგი ბუნტურის მტკიცებით,  გერმანიაში სეზონურად დასაქმებულების რაოდენობა "აუცილებლად ათასები" იქნება. მან ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განმარტა, რომ ხელშეკრულებით კვოტა არ არის განსაზღვრული და 500 კაცზე საუბარი "აღარ არის". მანვე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, სპეციალურ პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული.

"დასაქმებულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ რიცხვს, ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი". – ამბობს ბუნტური და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე.

"ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება". – თქვა ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა.

კომენტარები