გერმანია

ჯანდაცვა: გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასულებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სეზონური დასაქმების ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და სოციალურად დაუცველები არიან, ამ სტატუსს არ დაკარგავენ. 

"გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის". - აცხადებს სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სეზონური სამუშაოებიდან დაბრუნებული მოქალაქეები სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის  სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, უნდა იყვნენ 18-დან 60 წლამდე და ჰქონდეთ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ასევე, მუშაობის მსურველი არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია  გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. მათ მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევთ, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა  თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა  ევალება.

კომენტარები