პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: მომდევნო 2-3 დღეში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, მომდევნო 2-3 დღეში "ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ".

"ძალიან აქტუალურია დიალოგის საკითხი. ჩვენ გვაქვს გონისვრული მოლოფინი და, შეიძლება, გარკვეული ინფორმაციებიც კი - უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ კონკრეტულ წინადადებენს, რომლებიც, როგორც ამ დღეების განმავლობაში ვამბობდით, იქნება მართლა კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. 

იცით, რომ დოკუმენტი, რომელიც  შეიცავს 6 სხვადასხვა პუნქტს, აქედან არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა, გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამ საკითხებზეც ვილაპარაკოთ. ამ დათქმების პირობების შესრულების შემდეგ. არის საკითხები, რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა და საკითხები, რომლებიც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა". - ამბობს მდინარაძე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ. 

მამუკა მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯად პლებისციტი ვერ შეფასდება. 


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო.  

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია".

კომენტარები