პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: პლებისციტი ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯად პლებისციტი ვერ შეფასდება. 

"პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდგენილი, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ, თითქოს, ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და ცდილობენ დღესაც, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, ეს არის პლებისციტი. ეს ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. 

ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ ქართული ოცნების ყველა მომხრემ, რომელმაც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში ქართულ ოცნებას, ისევ გაიმეორა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, პლებისციტზე არდათანხმებით. ვთქვათ, პლებისციტს 48-49% არ ეთანხმება, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ლეგიტიმაცია, აღმოჩნდება, რომ ზუსტად იგივეა, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია". - ამბობს მდინარაძე.


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო.  

ქართულ ოცნებას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია".  

კომენტარები