ჩანაწერები

სუბარი: სასამართლოს შეუძლია, გამოსცეს ნორმა, რომელიც აკრძალავს ჩანაწერების ეთერში გასვლას

სოზარ სუბარი

"როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად" – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი TV პირველის ანონსს, სადაც, ავტორების მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. 

"უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება – მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას.

ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა ის. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას". – თქვა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

კომენტარები