კორონავირუსი საქართველოში

ამ კვირაში COVID 19 მასწავლებლების და სკოლის პერსონალის 0,1%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, COVID 19 მასწავლებლებისა და
სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, მშობელთა თხოვნის საფუძველზე და, ასევე, კორონავირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია გადასული. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით რისკჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

"სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს [...]

მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოჰყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს". – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 617 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 344 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 567 კი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

კომენტარები