აშშ-რუსეთი

კრემლი: ვიმედოვნებთ, რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესების გიჟური მოწოდება არ ახდება

დმიტრი პესკოვი
NBC

კრემლში განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესების "გიჟური" მოწოდებები რეალობა არ იქნება და აღნიშნეს, რომ რუსეთის ინტერესების, მისი მოქალაქეების და ბიზნესმენების დაცვის საუკეთესო გზას გეგმავდნენ. 

კრემლში ასევე თქვეს, რომ ახლოდან თვალს ადევნებდნენ მედიაში რეპორტაჟებს შესაძლო ახალ ამერიკულ სანქციებზე. 

როგორც RFERL წერს, მიმდინარე კვირის დასაწყისში ზოგიერთი საერთაშორისო და რუსული მედია წერდა, რომ აშშ-მ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს რუს ბიზნესმენებს. 

"რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები ჯერ არავის დაუწესებია. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გიჟური მოწოდებები დარჩება მედიის გვერდებზე და აშშ-ს მთავრობაში ეს იდეა ვერ პოვებს ნაყოფიერ ნიადაგს" - თქვა პესკოვმა.

ამავდროულად, რუსეთის სამთავრობო მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი მალე გამოაქვეყნებს ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც საპასუხო სანქციებს დაუწესებს. 

4 მარტს კრემლშიც თქვეს, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდნენ. 

2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.

აშშ-მ ანგარიშები გაუყინა მაღალი რანგის შვიდ რუს ოფიციალურ პირს, მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს. გარდა ამისა,  შავ სიაში მოხვდა14 კომპანია. 

"სადაზვერვო სამსახური დიდი თავდაჯერებით აფასებს, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის FSB-ს ოფიცრებმა გამოიყენეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რათა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოეწამლათ" – თქვა აშშ-ს ერთ-ერთმა მაღალი რანგის პირმა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტზე დაყრდნობით, სწორედ ამ აქტზე დაყდნობით დაუწესეს რუსეთს სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისთვის. სანქცირებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტი სანქციების სიაში დაამატებს 14 სუბიექტს მათი ჩართულობისთვის "საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს".

"კერძოდ, ეს მხარეები ჩართულები არიან ბიოლოგიური აგენტების წარმოების და ქიმიური წარმოების სხვადასხვა ასპექტებში" – თქვეს ოფიციალურმა პირებმა. 

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს ნავალნის ციხიდან გათავისუფლებისკენ.

კომენტარები