ეკონომიკა

საქსტატი: 2020-ის IV კვარტალში ხელფასები 0.9%-ით გაიზარდა, ფასები – 5.3%-ით

2020 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 2.1%-ით გაიზარდა, თუმცა, პარალელურად, ჯამურად გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით შემცირდა.  

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამას გარდა, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1% ქალია, ხოლო 58.9% – კაცი.

საქსტატი

გასული წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 417 ლარს გაუტოლდა, რაც 12.2 ლარით, ანუ 0.9%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში, 2019-ის დეკემბერთან შედარებით, საბაზო ინფლაციამ 5.3% შეადგინა. შედეგად, რეალური ხელფასები წლიურ ჭრილში 4%-ზე მეტად შემცირდა. 

2020 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.9% მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.3%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3%-იანი  წილით, მშენებლობა – 7.8%  წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება კი – 4.5%-იანი წილით:

საქსტატი

 

კომენტარები