Starbase

ილონ მასკი ტეხასში ახალი ქალაქი Starbase-ის დაარსებას გეგმავს

ფოტო: voi.id


კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის დაარსებას გეგმავს, რომლის სახელიც Starbase იქნება.  

მასკის თქმით, სტარბეისი ტეხასში მდებარე მცირე დასახლების, ბოკა ჩიკას ადგილას დაარსდება და ის კოსმოსური ხომალდების გამშვები ცენტრი იქნება. ტერიტორიასთან ახლოს უკვე მდებარეობს SpaceX-ის კოსმოდრომი და კვლევითი ცენტრი. 

სტარბეისი მარსის კოლონიზაციის პროექტის ნაწილია და, მასკის აზრით, დედამიწა მარსს ამ ბაზიდან დაუკავშირდება. 

"ვქმნით ქალაქ სტარბეისს ტეხასში.  აქედან მარსამდე [გავფრინდებით] და იქიდან კი ვარსკვლავებამდე". – დაწერა მასკმა Twitter-ზე. 

ილონ მასკმა 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ კალიფორნიის შტატი დატოვა და საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა. კომპანია Tesla-ს ახალი $1-მილიარდიანი ქარხანაც ტეხასში შენდება. 

ექსპერტების თქმით, კალიფორნიის შტატი მაღალი გადასახადების, მკაცრი რეგულაციებისა და საცხოვრებელი ხარჯების გამო აღარ არის მიმზიდველი და, შესაძლოა, ამერიკის ახალი სილიკონის ველი და ტექნოლოგიური ცენტრი ტეხასში შეიქმნას, სადაც ასეთი პრობლემები არ გვხვდება. 

კომენტარები