California Exodus

დიდი გამოსვლა – კომპანიები მაღალი გადასახადების გამო კალიფორნიის შტატს ტოვებენ

ფოტო: pinterest.com

მსხვილი ამერიკული კომპანიები მაღალი გადასახადების გამო კალიფორნიის შტატს ტოვებენ. მათი უმეტესობა ტეხასში, არიზონასა და ფლორიდის შტატში გადადის. ეს მოვლენა "კალიფორნიის დიდი გამოსვლის" სახელითაა ცნობილი.

კალიფორნიიდან გამოსვლის ტალღის ერთ-ერთი ინიციატორი Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრუელებლი დირექტორი ილონ მასკია. მისი თქმით, ტეხასის შტატს დიდი პოტენციალი აქვს. 

“ეს იქნება ყველაზე დიდი ბუმი, რომელიც ამერიკამ ბოლო 50 წლის განმავლობაში ნახა“. – ამბობს მასკი. 

2020 წლის ივლისში კომპანია Tesla-მ ახალი 1.1-მილიარდიანი ქარხნის ასაშენებლად ტეხასის დედაქალაქი, ოსტინი აირჩია, სადაც Cybertruck, Semi და Model 3-ის წარმოება იქნება შესაძლებელი. 

2020 წელს კალიფორნიის შტატიდან სათავო ოფისების გადატანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Hewlett-Packard Enterprise, Palantir და Oracle. 

ექსპერტების თქმით, კალიფორნიის შტატი მაღალი გადასახადების, მკაცრი რეგულაციებისა და საცხოვრებელი ხარჯების გამო აღარ არის მიმზიდველი და, შესაძლოა, ამერიკის ახალი სილიკონის ველი ტეხასში შეიქმნას, სადაც ასეთი პრობლემები არ გვხვდება. 

ტეხასის შტატში ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი არ არის დაწესებული, შესაბამისად, აქ მცხოვრებ პირებს მხოლოდ ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. 

ტეხასისაგან განსხვავებით, კალიფორნიის შტატში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადებია, კერძოდ, პროგრესული დაბეგვრის სისტემით 600 000 დოლარზე მაღალი შემოსავლის მქონდე პირებს შტატის მთავრობისათვის 12.3%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. 

გარდა მაღალი გადასახადებისა, კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა სამუშაო ბაზარზე. უახლესი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ დასაქმებულების მნიშვნელოვან ნაწილს დისტანციური მუშაობა მოსწონს და მათთვის უფრო მოსახერხებელი ისეთ შტატში ცხოვრებაა, სადაც საცხოვრებელი ხარჯები შედარებით დაბალია. 

კომენტარები