ეკონომიკა

თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტორნები 5 000-ლარიან სუბსიდიას მიიღებენ

თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტორნები სახელმწიფოსგან 5 000-ლარიან სუბსიდიას მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

დახმარებას რესტორნები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. პროგრამა პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებას ითვალისწინებს. 

ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, თუმცა, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს დედაქალაქის მთავრობის წინადადებას. "ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჯერჯერობით უცნობია პროგრამის ამოქმედების კონკრეტული თარიღი და პირობები, ასევე, უცნობია გავრცელდება თუ არა პროგრამა ქვეყნის სხვა ტურისტულ ცენტრებზეც.

კომენტარები