ძალადობა გენდერული ნიშნით

POG: კაცი ცოლს 4-5 საათი სცემდა, აწამა, ცივ შხაპში შეაგდო, იძალადა მის მამასა და ძმაზე

flickr

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინეს. 

უწყების ინფორმაციით, კაცი ცოლს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა". – წერია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს ს.მ.-ს, მის მშობლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ამავე მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.

გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები