COVAX პლატფორმა

გაბუნია COVAX-ზე: გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში" - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ COVAX-თან თანამშრომლობის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

გაბუნიამ  ახსენა, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ბოსნია შეირჩა პირველ ოთხ სახელმწიფოდ რეგიონიდან, რომელსაც უნდა მიეღო ფაიზერის ვაქცინა და ეს შეფერხება ოთხივე ქვეყანას შეეხო.

"პრობლემა არის ის, რომ ფაიზერი აზუსტებს გარკვეულ პირობას. ეს პირობა დაზუსტდება სატელეფონი ჩართვის პროცესში და ეს იყო პროცედურა იმ ოთხ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც ფაიზერისგან უნდა მიეღო ვაქცინა". - ამბობს თამარ გაბუნია 

რაც შეეხება აპლიკაციის მართებულად შევსების საკითხს, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ თავად  აქვს პირდაპირი კომუნიკაცია კოვაქსის პლატფორმასთან და სასაცილოდ მიაჩნია აპლიკაციის ხარისხზე საუბარი.  

"სასაცილოა აპლიკაციის ხარისხზე საუბარი, ჯადაცვის მინისტრს და პირდად მეც მაქვს შესაძლებლობა, რომ აპლიკაციები, იქნება ეს საერთაშორისო, თუ რომელიმე სხვა, იყოს შესაფერისად შევსებული და წარდგენილი. მე ვარ კოვაქსთან პირდაპირი კომუნიკატორი". - ამბობს თამარ გაბუნია 

რაც შეეხება სამომავლოდ ვაქცინის მიღების საკითხს, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კოვაქსთან თანამშრომლობას და იმ დამატებითი პირობების შესრულებას, რასაც ფაიზერის მწარმოებელი კომპანია ითხოვს. ამასთან ერთად, იმედოვნებს, რომ ვაქცინა 2-3 კვირაში შემოვა. 

"კოვაქსი საუბრობს 2-3 კვირიან გადავადებაზე და დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, რამდენად ეს არის სამმხრივი პასუხისმგებლობა"

მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გუშინდელ განცხადებას COVAX-სთან დაკავშირებით,  სადაც მინისრტი არ გამორიცხავდა ჩივილს.  ამაზე პასუხად, გაბუნიამ თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უკმაყოფილების გამოთქმის უფლება. 

რაც შეეხება მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვებს, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ მინისტრი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში პასუხისმგებლობის შესრულებას. 

მინისტრი შეეხო არასმათვროებო ორგანიზაციების ანგარიშებსაც ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვაქცინაციის საბჭო ადრეც და მომავალშიც გაითვალისწინებს რეკომენდაციებს ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით .

"გეგმის განახლება თავიდანვე იგეგმებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ  ის წინადადებები, თუ დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ აუცილებლად გეგმის ფარგლებში".


გუშინდელ განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ სამინისტრომ COVAX პლატფორმას უჩივლოს. ტიკარაძის თქმით, პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეპუტაციულ რისკებს შეიცავს. 

"COVAX პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX პლატფორმას უჩივლა.  ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ამასაც [ჩივილსაც] არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს". – თქვა ტიკარაძემ რ2-თან საუბარში. 

პირველ მარტს IPN-მა COVAX-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრეტაცია" უწოდეს. უწყებამ იმავე დღეს თქვა, რომ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართეს და განცხადების განმარტება მოსთხოვეს.

კომენტარები