ჩინეთის ეკონომიკა

ჩინეთმა კვლევასა და განვითარებაში (R&D) რეკორდული $378 მილიარდი დახარჯა 

ფოტო: counterpointresearch.com

ჩინეთის მიერ კვლევასა და განვითარებაზე (R&D) დახარჯულმა თანხებმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, 2020 წელს დაიხარჯა 2.44 ტრილიონი იუანი, ანუ 378 მილიარდი დოლარი. 

ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, R&D-ზე დახარჯული თანხები ქვეყნის მშპ-ის 2.4%-ია. 

2019 წელთან შედარებით R&D ხარჯები 10.3%-ითაა გაზრდილი, თუმცა ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მცირე პროცენტული ზრდაა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12.5% იყო. 

ჩინეთის წარმომადგენლების თქმით, 2020 წლის ბოლოს ქვეყანაში 522 ლაბორატორია და 350 საინჟინრო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებდა.

ჩინეთის R&D დანახარჯები მილიარდ იუანში.  [ 1 იუანი = 0.15$ ]   წყარო: Statista

ჩინეთისაგან განსხვავებით, 2020 წელს აშშ კვლევასა და განვითარებაში 134 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა. ზუსტი მონაცემები ჯერაც არ არის ცნობილი.  

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მხრიდან R&D დანახარჯების ასეთი ზრდა აშშ-ჩინეთის სავაჭრო და ტექნოლოგიური დაპირისპირებითაა გამოწვეული. 

მათი თქმით, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სურვილია მოიპოვოს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ნახევარგამტარები, 5G და ხელოვნური ინტელექტი. 
 

კომენტარები