სომხეთი

სომხეთში გენშტაბის მხარდამჭერები მთავრობის ერთ-ერთ შენობაში შეიჭრნენ

BBC

სომხეთში გენშტაბის ორგანიზებული აქციები გრძელდება. დემონსტრანტები მე-3 სამთავრობო კორპუსში შეიჭრნენ, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ სამთავრობო შენობაში შეგვიძლია შესვლა". – თქვა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა ფაქტთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელ Telegram-ში გავრცელდა აქტივისტების შენობაში ყოფნის ამსახველი კადრები.

გასულ კვირაში სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო ზარებშიც ჩაერთვნენ და სიტუაციის მოგვარებაზე იმსჯელეს, თუმცა უშედეგოდ.

დემონსტრანტები პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, რადგან, მათი აზრით, მას კრიტიკულ სიტუაციაში არ შეუძლია შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღება. დემონსტრაციები გასულ კვირაში გენშტაბის განცხადების შემდეგ დაიწყო.


სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა სარქისიანმა უარი თქვა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები