კორონავირუსი საქართველოში

განათლების სამინისტრო: Covid-19 მასწავლებლების 0.1%-სა და მოსწავლეების 0.03%-ს დაუდასტურდა

iStockphoto

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ რეჟიმზე  მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სკოლების მონიტორინგი სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან ასევე უწყვეტად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ ამ ფორმით მიმდინარეობს. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამინისტრო აცხადებს, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

კომენტარები