ჰოლივუდი

დრიუ ბერიმორი: 13 წლის ასაკში სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი

Deadline

დრიუ ბერიმორმა რადიო SiriusXM-ის ეთერში, ჰოვარდ სტერნის ყოველკვირეულ შოუში ილაპარაკა. ინტერვიუში მსახიობმა თინეიჯერობის წლები გაიხსენა.

"ჩემი თანატოლებისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი მქონდა. დედაჩემი უფრო ახლო მეგობარივით მექცეოდა, ვიდრე დედასავით. ვაცდენდი სკოლას, დავდიოდი ღამის კლუბებში, ხშირად დედას მანქანას ვპარავდი. მოკლედ, ხელიდან ვიყავი წასული. დედამ ძნელი გადაწყვეტილება მიიღო და 13 წლისა სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი, რომელსაც ფსიქიატრიული განყოფილებაც ჰქონდა. ოფიციალური მიზეზი აკრძალული ნივთიერებების მიღება და უკონტროლო ბრაზის შეტევები გახდა. იქ სიმკაცრე იყო, წესების დარღვევის შემთხვევაში რბილკედლებიან ოთახში გკეტავდნენ, შეეძლოთ, ფსიქიატრიული პერანგიც გამოეყენებინათ. მთლიანობაში დაწესებულებაში 18 თვის გატარება მომიწია. პირველი თვეები ბრაზი მახრჩობდა, დროსთან ერთად მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ბევრი რამის გადაფასება შევძელი. ვფიქრობ, დედა მიხვდა, რომ ურჩხული გაზარდა, რომელმაც არჩევანი არ დაუტოვა. ვაპატიე ეს არჩევანი. დღეს მასთან თბილი ურთიერთობა მაკავშირებს". – ამბობს მსახიობი.

ბერიმორმა საყოველთაო პოპულარობა 7 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც სტივენ სპილბერგის E.T.-ში გერტის როლი შეასრულა. მომდევნო ორ წელიწადში ბავშვმა მსახიობმა კიდევ ორი დასამახსოვრებელი როლი სტივენ კინგის ნაწარმოებების ეკრანიზაციებში, Firestarter-სა და Cat's Eye-ში შეასრულა. ბერიმორი BAFTA-ს ნომინანტი და "ოქროს გლობუსის" მფლობელია. ის იშვიათი ბავშვი მსახიობია, რომელსაც ზრდასრულ ასაკშიც წარმატებული კარიერა აქვს.

კომენტარები