ბიტკოინის ფასი ერთ დღეში 10 ათასი დოლარით დაეცა

ფოტო: cryptonomist.ch

ბიტკოინის [BTC] ფასი 24 საათში 55 000 დოლარიდან 45 000 დოლარამდე დაეცა, რაც 18%-იანი კლებაა. 

21 თებერვალს კრიპტოვალუტის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 58 000 დოლარს მიაღწია, თუმცა ორ დღეში თითქმის 13 000 დოლარით დაეცა. ეს ბიტკოინის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა. 

ექსპერტების თქმით, ფასის ასეთი კორექტირება მოსალოდნელი იყო, რადგან კრიპტო აქტივებით მოვაჭრეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოგების რეალიზაციის მიზნით დაკავებული პოზიციები რეკორდულ ფასად გაყიდა. ბაზარზე გაზრდილმა მიწოდებამ კი ბიტკოინის ფასზე ნეგატიურად იმოქმედა. 

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის პოზიციასთანაა დაკავშირებული. 

"ბიტკოინი ძალზე სპეკულაციური აქტივია, ინვესტორებს სიფრთხილე მართებთ". – თქვა იელენმა. 

არასტაბილურობისა და ფასის მკვეთრი ცვალებადობის გამო ინვესტორთა ნაწილი კრიპტოვალუტას სარისკო ინვესტიციად მიიჩნევს. 

კომენტარები