რუსეთი

ვოლკოვი: მხოლოდ სანქციების დაწესების შემთხვევაში შეიძლება განიხილონ ნავალნის გამოშვება

ლეონიდ ვოლკოვი
Reuters

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ახლო თანამოაზრემ და მისი შტაბის უფროსმა, ლეონიდ ვოლკოვმა, ბრიუსელში ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრის წინ თქვა, რომ რუსეთმა ნავალნის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს, თუ მის ლიდერებს მტკივნეულ სანქციებს დაუწესებენ. 

"პუტინი დიქტატორია, თუმცა საკმაოდ რაციონალური. თუ ნავალნის ციხეში ყოფნის დადებითი მხარეები უფრო ნაკლები გახდება, ვიდრე უარყოფითი მხარეები, ის შეცვლის გადაწყვეტილებას. თუ მისი უახლოესი მოკავშირეების დიდი ნაწილი ნაწყენი დარჩება, ეს, შესაძლოა, პუტინისთვის სახიფათო იყოს და შესაძლოა, ამან უბიძგოს აზრის შეცვლისკენ. ან შეიძლება არა, მაგრამ სანქციები არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ახლა ევროპას შეუძლია". – თქვა მან.

ელიან, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალს ნავალნის დაპატიმრების გამო პუტინის მოკავშირეებზე სანქციების დაწესებაზე შეთანხმდებიან. 

ვოლკოვის თქმით, ის ევროპელ კანონმდებლებს ეტყვის, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ძალის ენა გამოიყენონ, რადგან მისი რწმენით, პუტინი დასავლეთის მიერ ხიდების აშენების მცდელობებს სისუსტის ნიშნად განიხილავს. 


2 თებერვალს პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და შესაბამისად "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. 2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა, თუმცა თავდაპირველი პატიმრობის ვადა მას 50 დღით შეუმცირა.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონნერი, ალექსეი ნავალნი. 

რუსეთი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნავალნის გათავისუფლებას არ აპირებს. 16 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემის მუშაობაში უსაფუძვლო, აშკარა ჩარევა და "წითელი ხაზის გადაკვეთა". 

კომენტარები