თურქეთი

ერდოღანი აშშ-ს ქურთების ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

The Guardian

თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფმა ჩრდილოეთ ერაყში, გამოქვაბულებში თურქეთის 13 მოქალაქის გვამი იპოვა, რომელთაგან ზოგი სამხედრო იყო, ზოგი კი პოლიციელი. 

13 ადამიანის მკვლელობაში დადანაშაულებულია ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელიც თურქეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. მოქალაქეები თურქეთიდან 2015-2016 წლებში გაიტაცეს, მას შემდეგ, რაც PKK-სა და თურქეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებების მცდელობა ჩავარდა. 

ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფი მძევლების დასახსნელად გაიგზავნა. გამოქვაბულში შეიარაღებულმა ძალებმა 12 გვამი იპოვა, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდათ მიყენებული, 1 მძევალი კი მხარში მიყენებული ჭრილობით იყო გარდაცვლილი. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარში აშშ-ც დაადანაშაულა.

“თქვენ [აშშ] ხართ მათთან ერთად და მათ უკან” - თქვა ერდოღანმა.

აშშ-ს, თურქეთის მსგავსად, PKK ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, თუმცაღა სირიაში, სამოქალაქო ომის დროს, აშშ-ს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა აჯანყებულ ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებთან, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან. ქურთების სამხედრო რაზმები ამერიკელებს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

სირიაში ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებთან აშშ-ს დაკავშირებამ ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედა და ერდოღანის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ერდოღანის ბრალდებას აშშ-ს მხრიდან 13 მძევლის მკვლელობის შესახებ მწუხარების გამოხატვა და PKK-ს მიმართ საკუთარი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება მოჰყვა.

ერდოღანი პირობას დებს, რომ PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ფართო სახეს მისცემს.

“ჩვენ ტერორისტებს არ მივცემთ შანსს. ჩვენ გავაფართოებთ ოპერაციებს იმ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხე ჯერ კიდევ დიდია”. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთში ამ კვირაში PKK-სთან კავშირის ბრალდებით 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან თურქეთის ხალხთა დემოკრატიული პარტიის წევრებიც.


ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში 1978 წელს დაარსდა. მისი თავდაპირველი მიზანი თურქეთში მცხოვრები ქურთების ეთნიკური ჯგუფისთვის ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება და შიდა ავტონომიის მოპოვება იყო.

კომენტარები