ერაყი

ერბილზე თავდასხმას 1 კონტრაქტორი ემსხვერპლა, დაშავებულებს შორის 1 ამერიკელი სამხედროა

EPA

ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის რეგიონში, ქალაქ ერბილზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ერბილთან მდებარეობს სამხედრო ბაზა, რომელსაც აშშ-ს კოალიცია იყენებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი კონტრაქტორი, დაშავდა ხუთი, ასევე, ერთი ამერიკელი სამხედრო.

კოალიციის ძალები, რომლებიც ქვეყანაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად შექმნილი ალიანსის ფარგლებში იმყოფებიან, ერბილის აეროპორტთან არიან განთავსებული. სამი რაკეტა სწორედ აეროპორტის მიმართულებით გაისროლეს. კიდევ ორი რაკეტა ჩამოვარდა ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ აღშფოთებულია თავდასხმის გამო და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პროირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, სისხლის მცველების ბრიგადამ აიღო. მათ თქვეს, რომ თავდასხმის სამიზნეს "ამერიკული ოკუპაცია" წარმოადგენდა.

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ მსგავსი მცირე ზომის დაჯგუფებების უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა შიიტური დაჯგუფებები, კონკრეტულად კი აშშ-ს მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანილი ქათა'იბ ჰეზბოლა და ასა'იბ აჰლ ალ-ჰაკი (ხაზალის ქსელი) დგანან.

2019 წელს კირკუკის პროვინციაში სარაკეტო თავდასხმას ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მ ქათა'იბ ჰეზბოლას პოზიციები დაბომბა. ბოლო მსგავსი თავდასხმა გასული წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მდებარე აშშ-ს საელჩოს მახლობლად რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ეს პირველი სარაკეტო თავდასხმაა ერაყში დასავლეთის სამხედრო ან დიპლომატიური წარმომადგენლობაზე. ეს ასევე პირველი თავდასხმაა ერაყში დასავლურ კოალიციაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი ჯო ბაიდენმა დაიკავა. 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში აშშ-ს კოალიციის ძალების რაოდენობა 3 500-მდე შემცირდა, მათ შორის 2 500 ამერიკელია. მათი უმეტესობა სწორედ ერბილის აეროპორტის სამხედრო კომპლექსშია განლაგებული.

კომენტარები