ალექსეი ნავალნი

რუსეთში ნავალნის მომხრეები ვალენტინობის დღეს სანთლებით უცხადებენ მას მხარდაჭერას

რუსეთის ქალაქებში დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ვალენტინის დღეს ეზოებში ანთებული სანთლებით, მობილურის ფანრებით იკრიბებიან და ამგვარად მხარდაჭერას უცხადებენ მას პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ისინი შეიძლება დააკავონ. 

მას შემდეგ, რაც გასულ კვირებში ათასობით მომიტინგე დაიჭირეს, ნავალნის თანამოაზრეების გადაწყვეტილებით, ისინი დროებით, გაზაფხულამდე წყვეტენ მასშტაბურ აქციებს. 

თუმცა, ვალენტინის დღეს მათ გადაწყვიტეს ნავალნისთვის სოლიდარობის ნიშნად 15 წუთით თავიანთი სახლებიდან გამოსულიყვნენ და მობილურის ფანრები და გულის ფორმის სანთლები აენთოთ.

"პუტინი შიშია. ნავალნი სიყვარულია. სწორედ ამიტომ მოვიგებთ ჩვენ". - თქვა ნავალნის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა

მან ხალხს მოუწოდა, რომ ამ შეკრების ამსახველი სურათები სოციალურ ქსელში გაევრცელებინათ ჰეშთეგით #любовьсильнеестраха (სიყვარული შიშზე ძლიერია).

ერთ-ერთმა აქტივისტმა ქალებს მოუწოდა, მოსკოვის  ქუჩაზე შეეკრათ ცოცხალი ჯაჭვი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას, შინაპატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ლიუბოვ სობოლის და სხვა მომიტინგე ქალების მხარდასაჭერად, რომლებიც პოლიციამ დაარბია. 

რუსეთში განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებიც არასანქცირებულ მსვლელობებში მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა, სისხლის სამართლის ბრალდებები წარუდგინონ. 


2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და, შესაბამისად, "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

გასულ კვირებში რუსეთის დაახლოებით 100 ქალაქში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა მის მხადასაჭერად. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. 

კომენტარები