თურქეთი

გვინეის ყურეში მეკობრეების მიერ გატაცებული თურქი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

თხუთმეტი თურქი მეზღვაური, რომლებიც გასულ თვეს გვინეის ყურეში მეკობრეებმა გაიტაცეს, კვირას, 14 თებერვალს, სამშობლოში დაბრუნდნენ. მეზღვაურებს აეროპორტში ოჯახის წევრების გარდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელები დახვდნენ.

გემის კაპიტნის მუსტაფა კაიას თქმით, გატაცებული მეზღვაურები მძიმე პირობებში მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ დატყვევებულები. კაიას თანახმად, გატაცებულებზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ და გამტაცებლები მოკვლით ემუქრებოდნენ.

კომპანია Boden Shipping-ის წარმომადგენლის თანახმად, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მათი გატაცება პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა. მეკობრეებს კომპანიისგან გამოსასყიდის მიღება სურდათ. მოლაპარაკებები გამტაცებლებთან ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მეზღვაურები გაათავისუფლეს.

ლიბერიის დროში ქვეშ მცურავი გემი ლაგოსიდან კეიპტაუნში მიემართებოდა, როცა 23 იანვარს სან-ტომეს კუნძულიდან 160 კილიმოტრის დაშორებით გემს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა.

კომენტარები