იტალია

მარიო დრაგიმ იტალიის ახალი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო

მარიო დრაგი

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დრაგიმ იტალიის ახალი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო.

მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ ფორმალური ხმის მიცემა მომავალ კვირას გაიმართება. იტალიის ყველა მნიშვნელოვანმა პარტიამ, ერთის გარდა, მას მხარი დაუჭირა. მან პარლამენტში უმსხვილესი ჯგუფის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის, მხარდაჭერაც მოიპოვა.

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ლუიჯი დი მაიო, კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ჯანკარლო ჯიორჯეტი ულტრამემარჯვენე ლიგის პარტიიდან - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეა ორლანდო ცენტრისტულ-მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან - შრომის მინისტრი, იტალიის ბანკის მმართველის მოადგილე, დანიელ ფრანკო - ფინანსთა მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი უფროსი, მარტა კარტაბია კი იუსტიციის მინისტრი. 

მარიო დრაგი, 73 წლის იტალიელი ეკონომისტი, 2011-2019 წლებში ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა. მის პრეზიდენტობას დაემთხვა ევროზონის კრიზისი. წარსულში ის იყო იტალიის ბანკის ხელმძღვანელიც, მუშაობდა მსოფლიო ბანკში და იტალიის ხაზინაში. 


წინა კოალიციური მთავრობა დაშლის პირას მას შემდეგ მივიდა, რაც მატეო რენცის პარტია გამოეყო. მას შემდეგ ჯუზეპე კონტემ შეძლო დარჩენილი უმცირესობის მთავრობისათვის პარლამენტის ორივე პალატაში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა პარლამენტის ზედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, რაც სამომავლოდ საკამათო კანონმდებლობის მხარდაჭერის მოპოვებას გაურთულებდა. დაგეგმილი იყო სასამართლო რეფორმების განხილვა, რის გამოც კონტემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეშალა კოალიცია და ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა, რომელიც მეტი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. ამისათვის ის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა.

ყოფილი პრემიერმინისტრის, მატეო რენცის პარტიამ კოალიცია კორონავირუსის და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების სტრატეგიებზე უთანხმოების გამო დატოვა. რენცის თქმით, კონტემ პანდემია ძალაუფლების ცენტრალიზებისათვის გამოიყენა და არ აკეთებს საკმარისს განათლების, ინფრასტრუქტურისა და კორონავისურთან გამკლავების თვალსაზრისით. მისი პარტია ეწინააღმდეგება კონტეს მთავრობის გეგმას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვის თაობაზე.

მატეო რენცის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებამდე, 2018 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჯუზეპე კონტე ჩაუდგა, შედგა 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და ჩრდილოეთის ლიგას შორის. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე უთანხმოების შედეგად ეს კოალიცია 2019 წელს დაიშალა. ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ კოალიცია შექმნა დემოკრატიულ პარტიასთან. მალევე რენციმ დემოკრატიული პარტია დატოვა და Italia Viva ჩამოაყალიბა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდება, იტალიაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს, 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და დემოკრატიულ პარტიას ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილება სურთ, რადგან, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებას მემარჯვენე პარტიები, ბერლუსკონის Forza Italia და სალვინის ჩრდილოეთი ლიგა მოიპოვებენ.

კომენტარები