ჩინეთი

ჩინეთმა BBC-ს საქმიანობა შეუჩერა

dw.com

ჩინეთში, ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული სამმართველოს გადაწყვეტილებით, ბრიტანული მედიაკომპანიის BBC World News-ის მაუწყებლობა აიკრძალა. 

ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული სამმართველოს განცხადებით BBC World News-ი ჩინეთზე აკეთებდა ისეთ რეპორტაჟებს, რომლებიც ჟურნალისტიკის მიუკერძოებლობის პრინციპებს არღვევდა. 

2021 წლის 4 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებდა BBC ჩინეთის მთავრობის რეაგირებას კოვიდ-19 პანდემიის მიმართ და კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

ჩინეთის მთავრობა ასევე შეშფოთებული იყო BBC-ის მიერ უიღურთა “გამოსასწორებელი” ბანაკების სიტუაციის გაშუქებით. ბრიტანული მაუწყებლობის ცნობით, ბანაკებში ქალთა სისტემატიური გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება და წამება მიმდინარეობდა. ჩინეთის მთავრობის თქმით, BBC სინძიანის უიღურთა ავტონომიური რეგიონის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ჩინეთში უიღურთა ეთნიკური ჯგუფი უკვე მრავალი წელია, რაც მთავრობის მიერ შევიწროების მსხვერპლია. 

ბრიტანული მაუწყებლობის წარმომადგენელთა შეფასებით, ისინი მუდამ მიუკერძოებელ და ფაქტებზე დაფუძნებულ სიახლეებს ავრცელებდნენ.

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩინეთის მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. BBC მსოფლიოში საერთაშორისო სიახლეების ყველაზე სანდო მაუწყებელია”. - ამბობს BBC-ს წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის მასმედიის მაკონტროლებელმა ორგანო Ofcom-მა, გაერთიანებულ სამეფოებში ჩინურ ტელეკომპანია CGTN-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა. 

ჩინეთში BBC მოსახლეობისთვის უკვე შეზღუდული იყო და მხოლოდ ინტერნაციონალურ სასტუმროებში ხდებოდა მისი მაუწყებლობის მიწოდება.

“ჩინეთს დედამიწის ზურგზე მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვს და ეს უკანასკნელი ნაბიჯი მსოფლიოს თვალში მხოლოდ მათ რეპუტაციას დააზიანებს”. - თქვა დომინიკ რააბმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები