დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე კაპიტოლიუმზე თავდასხმის ახალი ჩანაწერები წარადგინეს

NBC News

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების მიერ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის ამსახველი ახალი ჩანაწერები წარადგინეს. ვიდეომასალაში მრავალი აქამდე უცნობი მძიმე დეტალი გამოჩნდა.

ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ეძებდნენ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელები ყოფილ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის. ასევე ასახულია მაიკ პენსისა და მისი ოჯახის კაპიტოლიუმიდან ევაკუაციის კადრები. ზოგიერთ ჩანაწერში კარგად ისმის თავდამსხმელთა შეძახილები ვიცეპრეზიდენტის ჩამოხრჩობაზე, მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი შენობის გარეთ ეშაფოტებს აწყობდა. 

ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ეხმარება კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი სენატორ მიტ რომნის თავდამსხმელებისგან თავის დაღწევაში. მიტ რომნი რესპუბლიკელ სენატორებს შორის ყველაზე ხშირად აკრიტიკებდა ყოფილ პრეზიდენტს, ასევე, ის იყო ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორი, რომელმაც პირველი იმპიჩმენტის პროცესში ტრამპი დამნაშავედ ცნო. 

გამოჩნდა კადრებიც, რომლებშიც კაპიტოლიუმის ზოგიერთი თანამშრომელი ერთ კაბინეტში გამაგრდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავდამსხმელები მათ ოთახში შეჭრას ცდილობდნენ.

იმპიჩმენტის პროცესის წარმომადგენელთა თქმით, ტრამპი უდავოდ პასუხისმგებელია კაპიტოლიუმზე მოწყობილ თავდასხმაზე. ასევე, მათი შეფასებით, თავდამსხმელთა მთავარი სამიზნეები ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყვნენ, ტრამპმა კი “მათ ზურგზე სამიზნე დაჰკიდა”, რადგან ისინი ხმების დათვლის პროცესს უძღვებოდნენ. ამას გარდა, წარადგინეს მტკიცებულებები, თუ როგორ უგულებელყოფდა დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა მოწოდებებსაც კი, მთავრობის სხვა შტოს თავდასხმისგან გადარჩენის შესახებ. მათი თქმით, 6 იანვარს ყოფილ პრეზიდენტს ერთხელაც არ დაუგმია კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი და არც თავდამსხმელები.

პროცესის წამყვანთა შეფასებით, ტრამპი თვეების მანძილზე საკუთარ მხარდამჭერებს ფსიქოლოგიურად ამზადებდა მსგავსი ქმედებებისთვის. მაგალითად მოიყვანეს ფაქტი 2020 წლის მაისიდან, როდესაც ექსპრეზიდენტმა ახსენა, რომ იგი არჩევნებში მხოლოდ გაყალბების შემთხვევაში დამარცხდებოდა. 


ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართა. ის უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ გამოუცხადა იმპიჩმენტი .

ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა სენატს წარუდგინა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ამბოხებისაკენ მოწოდების გამო. თავად ტრამპმა მის წინააღმდეგ სენატში იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

კომენტარები