საქართველო-ევროკავშირი

EU: საჭიროა ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმებისთვის, პოლარიზაციის განმუხტვისთვის 

Emerging Europe

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტი - ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საქართველო სტაბილურად განაგრძობდა ევროპული გზით მოძრაობას, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების პირობებში". ასევე აღნიშნულია, რომ ამასთან ერთად, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. 

ანგარიშის დასკვნითი შენიშვნების ნაწილში, სადაც სამომავლო პერსპექტივაზეც არის საუბარი, წერია, რომ სამომავლო პერსპექტივაში რეფორმების გატარების გამოხატული მზაობა დემოკრატიის კონსოლიდაციასა და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის.

ამის შესახებ აღნიშნულია, რომ პირველ რიგში განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ, რომლის შესახებ შეთანხმება პარტიებს შორის, დიალოგის შედეგად, 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი მოამზადა და ნაწილობრივ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები.

"თუმცა, არჩევნების ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარების მიუხედავად, იყო რიგი ხარვეზებისა, რომელმაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მოწვევის პარლამენტის საწყის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა". - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ ეს ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ.

"მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა, ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, პოლარიზაციის განმუხტვა ქართულ პოლიტიკასა და მედიაში კვლავ გამოწვევად რჩება". –აღნიშნავენ ანგარიშის დასკვნაში.

ამასთან ერთად, დოკუმენტში წერია, რომ მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა კვლავ არსებითია 2021 წლის განმავლობაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა რაც შეიძლება მალე, რომ უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები არ დაინიშნონ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა კვლავ პრიორიტეტია. ამბიციური ანტიკორუფციული დღის წესრიგის შექმნას კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმპულსის აღდგენის ხელშეწყობა შეუძლია". – წერია ანგარიშში. 

დოკუმენტის დასკვნითი ნაწილის ბოლოს წერია, რომ საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავშესაფრის მოთხოვნათა მუდმივი ზრდის საკითხის პროაქტიულად გადაჭრის გაგრძელება ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ არსებითი იქნება "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ", კანონის ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა.

ასევე წერია, რომ "უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიმართ და საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება".

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის კომენტარიც არის. 

”ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას,  რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა  და  აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020  წლის  საპარლამენტო არჩევნების  შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს  ინსტიტუციური  ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული  პოლიტიკური  სიტუაციიდან  გამოსვლის  გზა  გამონახოს.  ეს  საშუალებას  მისცემს  საქართველოს  პარლამენტს,  მიიღოს  გადამწყვეტი ზომები მდგრადი  აღდგენისთვის  კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს  უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე  კარგად  ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად,  რომ  მომავალი  წლებისთვის მოვემზადოთ”.  – განაცხადა ბორელმა.

განახლებული "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" შესაბამისად ანგარიშში განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2020 წლის 6 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ანგარიში სრულიად შეგიძლიათ, იხილოთ აქ

კომენტარები