კორონავირუსი და სკოლები

რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეეძლებათ – სამედიცინო ცნობით

განათლების სამინისტროს ცნობით, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ. მათ შესაბამისი ცნობა სკოლის ადმინისტრაციაში უნდა მიიტანონ.

"ასეთ შემთხვევაში, სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს". – აცხადებს სამინისტრო.

ასევე, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

კერძოდ, სკოლას შეუძლია, თავად განსაზღვროს:

  • გაკვეთილის ხანგრძლივობა,
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით,
  • მოქნილად დაგეგმოს ცვლები
  •  მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი
  • შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდება. ამჟამად, სწავლა არადისტანციურ ფორმატში თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

კომენტარები